თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქცია "სტუდენტები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!" დაიწყო. სტუდენტები ქართული ოცნების მიერ ინიციირებულ რუსულ კანონს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები თსუ-ის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტისკენ მსვლელობით გადაინაცვლებენ. მათი მთავარი გზავნილია "არა რუსულ კანონს, კი- ევროპას!".
გარდა ამისა, თსუ-ის სტუდენტები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ, რათა ირაკლი კობახიძეს მათ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვის უფლება ჩამოერთვას.
"დღეს სტუდენტები გადავინაცვლებთ პარლამენტთან, რათა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა და გავაგებინოთ ამ დაყრუებულ ხელისუფლებას, რომ რუსული კანონის მიღება არ გამოვა. ეს არის შეუძლებელი და განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ჩვენ თსუ-ის ეზოში ვიკრიბებით, რადგან ჩვენ უნივერსიტეტს ჰყავს ასეთი უმსგავსო ადამიანი ლექტორად, როგორიც არის ირაკლი კობახიძე, პრემიერად წოდებული. ამიტომ სიმბოლურია, რომ ამ ადგილას მუდმივად იქნება კერა და კერა იქნება პარლამენტთან. დღესაც, როგორც 8 დღის განმავლობაში გადაკეტილია რუსთაველის გამზირი და სტუდენტები,მ ახალგაზრდები და სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ღიად აფიქსირებენ, რომ რუსული კანონის მიღება საქართველოს რუსულ ხელისუფლებას არ გამოუვა. ამ ყველაფრის გარანტები იქნებიან სტუდენტები, ახალგაზრდები და საქართველოს პატრიოტი მოქალაქეები", - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თსუ-ის სტუდენტმა, დავით ჩხობაძემ.
სტუდენტების აქციას ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, იულონ გაგოშიძეც შეუერთდა.